თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ალექსანდრე დარახველიძემ და თამარ მახარაშვილმა. გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა ახალი საბაკალავრო პროგრამის მნიშვნელობასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლზე. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, პროგრამა ხელს შეუწყობს საპოლიციო საქმიანობისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას და პროფესიული საჭიროებების შესაბამისი კადრების მომზადებას.
პროგრამის კონცეფცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ წარადგინა. მან სწავლების ძირითად მიმართულებებზე, სტუდენტთა მიღების პირობებსა და მათთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
საქართველოში პირველად შეიქმნა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებაზეა ორიენტირებული. სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა და თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მომზადებასაც ითვალისწინებს.
სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სწავლის სრული დაფინანსება, თანამედროვე სასწავლო გარემო და პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობები, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


