This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

თამარ მახარაშვილმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. თამარ მახარაშვილმა მათ გამარჯვება პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.

2021-2022 სასწავლო წლის ოლიმპიადაში 24000-მდე მოსწავლემ სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. აქედან, I ადგილზე გავიდა 16 მოსწავლე, II ადგილი 14-მა მოსწავლემ დაიკავა, III ადგილი კი 15 მოსწავლეს ერგო.

I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები 1000, 700 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში IV-X ადგილებზე გასულ 79 მოსწავლეს კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი სიგელები გადაეცემათ, ხოლო სკოლების რეიტინგული სიის სამეულში გასული 29 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მადლობის სიგელს 36 ნომინაციაში  მიიღებს.

ოლიმპიადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და ის სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა. საკონკურსო ტურები შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები – ინგლისური, გერმანული, რუსული და ინფორმატიკა.

მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მშობლიურ – სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ – ენებზე მიეღოთ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში, უსინათლო მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფილია ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტესტები.

2022 წლის ინფორმატიკის ოლიმპიადის ჩატარება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერმა ასოციაციამ უზრუნველყო. ოლიმპიადა ორ ეტაპად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ინფორმატიკა, როგორც საგანი სკოლებში არ ისწავლება, თუმცა ოლიმპიადაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის 400-მდე მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 26 გამარჯვებული გამოვლინდა:

I ადგილი - 3 მოსწავლე;

II ადგილი - 3 მოსწავლე;

III ადგილი - 3 მოსწავლე;

IV-X ადგილები -17 მოსწავლე.

ინფორმატიკის ოლიმპიადაზე I, II  და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულების მსგავსად, კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო IV-X ადგილებზე გასულ მოსწავლეებს კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი სიგელები გადაეცემათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ, ინფორმატიკის ოლიმპიადაზე კი მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს.

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news