განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობით პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“ განხორციელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით განხორციელდება პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მიზანია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური წიგნიერების ამაღლება.
პროგრამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, „სილქ ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „თიბისი ბანკმა“, „ბაზისბანკმა“, „მიკრობანკმა კრისტალმა“ და „მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველომ“.
ხელმოწერის ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების მონაწილეებმა შეაჯამეს ფინანსური განათლების მიმართულებით ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, მათ შორის რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით მიღწეული შედეგები. გაიმართა პანელური დისკუსიებიც.
ღონისძიების მეორე ნაწილი საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით შექმნილი პროგრამის — „ფინანსური განათლების ავტობუსის“ წარდგენას დაეთმო.
პროგრამის ფარგლებში, ინტერაქციული აქტივობებისა და პრაქტიკული დავალებების გზით, მოსწავლეები გაეცნობიან ფინანსურ დაგეგმვას, დაზოგვას, რესურსების მართვასა და ციფრულ უსაფრთხოებას.
პროგრამა, რომელსაც სრულად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს, ხელს შეუწყობს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ქალაქისა და სოფლის სკოლებში, მათ შორის მაღალმთიან და საზღვრისპირა დასახლებებში. ასევე დაგეგმილია სასკოლო პროექტების ფესტივალების გამართვა ხუთ რეგიონში.


