გივი მიქანაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ტაი ჩუნიუნგს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ჩინეთის საელჩოს როლი ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერაში.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2026 წლის 13 ნოემბერს საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ახალი შეთანხმების გაფორმება იყო. დოკუმენტი მოიცავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებს, სამეცნიერო კვლევებს, ენობრივ და ციფრულ განათლებას, ხელოვნურ ინტელექტსა და აკადემიურ მობილობას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პირდაპირი კავშირების გაფართოების ხელშეწყობას.
საუბარი შეეხო სამინისტროსა და ენობრივი განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს (CLEC) შორის გაფორმებული მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებელთა მომზადებას, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ჩინეთში მინისტრის ვიზიტისას ლანჭოუს უნივერსიტეტთან მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო 2027 წლიდან საზაფხულო სკოლებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ასევე უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნების შესაძლებლობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.


