Georgia’s Youth Delegate to the United Nations

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამა ერთწლიანი პროგრამაა და გაეროს ახალგაზრდობის დელეგატების პროგრამის (UN Youth Delegate Programme) ნაწილია. მისი მიზანია საქართველოს ახალგაზრდების ინტერესების, საჭიროებებისა და პრიორიტეტების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გლობალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა ერთი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდებთან, ატარებს შეხვედრებსა და კონსულტაციებს, სწავლობს მათ საჭიროებებსა და გამოწვევებს, ახორციელებს საინფორმაციო და ადვოკატირების აქტივობებს და მიღებულ მოსაზრებებს საერთაშორისო დღის წესრიგში ასახვის მიზნით შესაბამის პლატფორმებზე წარადგენს.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ წარმომადგენელს საქმიანობის განსახორციელებლად გადაეცემა გრანტი, რომელიც მისი სამუშაო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების დაფინანსებას ემსახურება. პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმომადგენლის მონაწილეობა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში, სადაც მას შესაძლებლობა აქვს, საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს საქართველოს ახალგაზრდების პრიორიტეტები და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების საერთაშორისო წარმომადგენლობას, სამოქალაქო ჩართულობას, ახალგაზრდული საკითხების ადვოკატირებასა და საქართველოს ახალგაზრდებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაძლიერებას.