WorldSkills-ის ეროვნული და საერთაშორისო კონკურსები

WorldSkills International-ის მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.  აქვე აღსანიშნავია, რომ WorldSkills International-ი აერთიანებს 89 ქვეყანას და მისი მიზანია   განსაკუთრებული უნარების   მქონე   ნიჭიერი   ახალგაზრდების გამოვლენა,  აღიარება  და  წარმოჩენა. WorldSkills International ასევე მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.

WorldSkills Georgia WorldSkills International კონკურსში მონაწილეობის მიზნით, უზრუნველყოფს უნარების ეროვნული კონკურსის ორგანიზებას, წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენის მიზნით, რომლებიც საქართველოს სახელით შემდგომ WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას. WorldSkills-ში მონაწილეობა პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის უნიკალური საშუალებაა, გაეცნონ უახლეს მიღწევებს, ტექნოლოგიურ განვითარებებს, კვალიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტებს და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ამავდროულად, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაამყარონ კავშირები სხვადასხვა ქვეყნის სფეროს წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.  

2023 წელს WorldSkills საქართველოს უნარების კონკურსი, ეროვნულ დონეზე, სამ მიმართულებაში (კულინარია, კონდიტერია და ვებ ტექნოლოგიები) ჩატარდა. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულმა კანდიდატებმა საქართველოს სახელით WorldSkills-ის რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა,  რომელიც 2024 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართა. WorldSkills International-ის მომდევნო, რიგით 48-ე საერთაშორისო კონკურსი დაგემილია 2026 წლის 22-27 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლამდე WorldSkills Georgia მსოფლიო უნარების კონკურსში მონაწილეობდა ასოცირებული წევრის სტატუსით, თუმცა 2026 წელს საქართველო მსოფლიო უნარების კონკურსში უკვე სრული წევრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, რამაც ქვეყანას მისცა შემდეგი უპირატესობები:

  • საკონკურსო მიმართულებების რაოდენობაში შეზღუდვის გარეშე მონაწილეობა;

  • საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემთხვევაში მედლების მოპოვება;

  • საკონკურსო რესურსების (დავალებები, შეფასება, კონკურსის ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი და ა.შ.) შემუშავების პროცესში და WorldSkills-ის საკონკურსო საბჭოში სასურველი კანდიდატის შესარჩევად გადაწყვეტილების მიღებისას ხმის მიცემის უფლება;

  • კონკურსანტის შედეგების WorldSkills-ის ერთიან საერთაშორისო ბაზაში წარმოჩენა. 

2026 წლის მაისიდან WorldSkills Georgia-ს ეროვნულ წარმომადგენლად განისაზღვრა სსიპ კოლეჯი მოდუსი.