Registration for Vocational Education Programs
ინფორმაცია პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველთათვის
ვის შეუძლია პროფესიული განათლების მიღება?
პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევისა და კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.
რა ტიპის პროგრამები არსებობს პროფესიული განათლების სისტემაში?
პროფესიული განათლების სისტემაში არსებობს 3 ტიპის - საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული და უმაღლესი პროფესიული - საგანმანათლებლო პროგრამა.
1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა;
2. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა). აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა როგორც დიპლომი, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.
3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა.
პროგრამებზე სწავლება ძირითადად პრაქტიკულია და მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამის ბიზნეს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან, ზოგიერთი პროგრამა ხორციელდება დუალური მიდგომით, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და კომპანია ინაწილებენ პასუხისმგებლობას სტუდენტის მომზადებაზე და პროგრამის პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50%-ზე მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში - კომპანიაში.
როდის და როგორ შეიძლება პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება?
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას. ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების შესახებ ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდსა და “Facebook” გვერდზე. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურები რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ №42/ნ ბრძანებით.
სად შეიძლება პროფესიული პროგრამებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიღება?
შემოთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდებზე: vet.ge და emis.ge. ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
შესაძლებელია თუ არა რამდენიმე პროგრამაზე რეგისტრაცია?
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შექმნილი კონკურსის გამო, შესაძლებელია, ერთ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში, აპლიკანტი ვერ ჩაირიცხოს მისთვის სასურველ პროგრამაზე. რამდენიმე არჩევანის (მაქსიმუმ სამი პროგრამა) გაკეთების შემთხვევაში, აპლიკანტს შეუძლია საკუთარი შედეგების შესაბამისად, არჩევანი გააკეთოს და ჩაირიცხოს წინასწარ მონიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე.
როგორ ხდება პროფესიულ პროგრამაზე მოხვედრა?
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვის მიზნით, საჭიროა რეგისტრაცია და პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვემოთ მოცემული ეტაპის/ების გავლა:
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება, უმაღლეს და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა დუალური პროგრამებისა);
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შერჩევა საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის. ე.წ. დუალური სწავლების ფორმით პროგრამის განხორციელებისას, სტუდენტს ერთობლივად არჩევენ საგანმანათლებლო დაწესებულება და დამსაქმებელი - კომპანია;
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლება შესაძლოა მიენიჭოთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე /დამატებითი დაცვის მქონე პირებს. ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ან “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები მიღება ცხადდება, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სკოლის მიერ. დაინტერესებული პირი, პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, მიმართავს სკოლას და თუ აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას – დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და ამასთან, არ აქვს დაძლეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, სკოლა უზრუნველყოფს მის რეგისტრირებას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დადგენილ ვადებში, აპლიკანტს უფლება აქვს გაიაროს არჩეული პროგრამების შესაბამისი შერჩევის პროცედურები. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, აპლიკანტი რეიტინგში მისი ადგილისა და რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.
პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, დაწესებულება უფლებამოსილია, ინფორმაცია დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ, მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. დარჩენილი თავისუფალი ადგილების თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია (vet.ge) იმ აპლიკანტებისთვის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სწავლის უფლება. აღსანიშნავია, რომ გარდა იმ პროგრამებისა, რომლებზეც შერჩევა ხორციელდება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას.
როგორ ხდება პროფესიულ პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მოხვედრა?
ყველა პროგრამა, რომელზეც გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის (შემდგომ - სსსმ აპლიკანტი). პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ, vet..ge პორტალზე რეგისტრაციის გზით. სხვა აპლიკანტების მსგავსად, სსსმ აპლიკანტს ეძლევა 3 პროგრამის მონიშვნის შესაძლებლობა, რაც ზრდის არჩეული პროგრამებიდან რომელიმეზე ჩარიცხვის შესაძლებლობას.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, პორტალზე - vet. ge ონლაინ რეგისტრაციის გავლისას, აპლიკანტმა უნდა მონიშნოს სარეგისტრაციო გრაფაში მოცემული ველი ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი“. სსსმ პირის სტატუსით დარეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციის გავლიდან დაახლოებით 5 სამუშაო დღის ვადაში დაუკავშირდება მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და უზრუნველყოფს აპლიკანტის შეფასებას. სსსმ პირთა შერჩევა წარიმართება დაწესებულებების მიერ დადგენილი წესით, პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე, როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროფესიასთან/პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.
(*) რეკომენდებულია, რომ სსსმ აპლიკანტმა პრაქტიკული მოსინჯვა გაიაროს რეგისტრაციისას მონიშნული ყველა პროგრამის ფარგლებში, რადგან, თუ აპლიკანტი ვერ ჩაირიცხება ერთ რომელიმე პროგრამაზე, ის შეძლებს ჩაირიცხოს იმ სხვა პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც გავლილი აქვს პრაქტიკული მოსინჯვა და რომელზეც სსსმ აპლიკანტებისთვის არის თავისუფალი ადგილი. პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვის შემდეგ, დაწესებულება ავსებს დარჩენილ ვაკანტურ ადგილებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ყველა აპლიკანტს, მათ შორის, სსსმ პირებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ შერჩეულ პროგრამებზე, ეძლევათ განმეორებით შერჩევის შესაძლებლობა.
სად შეიძლება პროფესიულ პროგრამებზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშების ნახვა?
ტესტების ნიმუშები ხელმისაწვდომია ბმულზე - naec.ge
ქართული ენის გარდა, შესაძლებელია თუ არა პროფესიული ტესტირების/შერჩევის გავლა სხვა ენაზე?
პროფესიული ტესტირების/შერჩევის გავლა, ქართული ენის გარდა, შესაძლებელია სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შერჩევის ეტაპის გავლისა და ჩარიცხვის შემდგომ შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი მოდული.
როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება?
სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. სახელმწიფო დაფინანსება, ასევე, ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში, მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად.
სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის/დამატებითი დაცვის მქონე პირებზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც გაიარეს შერჩევის შესაბამისი პროცედურები.