Georgia’s Vocational Education System and Legislation

პროფესიული განათლების სფერო რეგულირდება საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებული კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელმაც ჩაანაცვლა 2007 წლიდან მოქმედი “პროფესიული განათლების შესახებ” კანონი. სწორედ აღნიშნული კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა პროფესიული განათლების ახალი მოდელი, რომელიც ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილია, სტრუქტურული და შინაარსობრივი კავშირებით განათლების სხვა ქვესისტემებთან. კანონმა შექმნა მყარი სამართლებრივი საფუძვლები პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების, საშუალო საფეხურის ინტეგრაციისა და პროფესიული განათლებიდან, უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობის შექმნისთვის. ასევე, შეიქმნა საფუძველი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა ფორმების დანერგვისთვის; ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებისთვის; ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარებისთვის; ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომების დანერგვისთვის; კოლეჯების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის; მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბებისთვის; პროფესიული განათლების მიზნებისათვის არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარებისა და პროფესიული პროგრამის გარკვეული კომპონენტების დისტანციური ფორმით განხორციელებისათვის.

პროფესიული განათლების სისტემის განვითარება ეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც მოცემულია „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში - 2022-2030 წწ“ და ასევე სექტორულ სტრატეგიულ დოკუმენტში - „პროფესიული განათლების სტრატეგია - 2024-2030 წწ“. სტრატეგიები და მათ შესაბამისად განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია - 2022-2030 წწ“ გამოყოფს სამ სექტორულ პრიორიტეტს, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებით შემდეგ მიზნებზეა ორიენტირებული:

  • სექტორული პრიორიტეტი I. ხარისხი და შესაბამისობა

    მიზანი 1.3 საზოგადოებისა და ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული ინოვაციური და მოქნილი პროფესიული განათლების სისტემის განვითარება

  • სექტორული პრიორიტეტი II. თანასწორობა, ინკლუზია და მრავალფეროვნება

    მიზანი 2.3: მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

  • სექტორული პრიორიტეტი III. მართვა, დაფინანსება და ანგარიშვალდებულება

    მიზანი 3.3: პროფესიული განათლების სისტემის ეფექტურობის გაზრდა

საქართველოში, პროფესიული განათლების მიღება ნებაყოფლობითია. პროფესიულ განათლებაში შესვლისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დადგენილი, რითაც ის ქმნის პიროვნული და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობას, მთელი ცხოვრების განმავლობაში.

საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო აგებულია ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნების და პრინციპების გათვალისწინებით, რაც ხელს უწყობს საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების თავსებადობას და აღიარებას განათლების ევროპულ სივრცეში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული და ძირითადად, პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია, დასაქმდეს ან/და სწავლა განაგრძოს განათლების შემდგომ საფეხურზე. პროგრამების ხანგრძლივობა განსხვავებულია - ერთი წლიდან სამ წლამდე.

თანამედროვე გარემოში პროფესიული განათლება აღარ ისწავლება მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ის ხელმისაწვდომია, როგორც სკოლაში, კოლეჯსა თუ უმაღლეს სასწავლებელში, ასევე ტრენინგ ცენტრში ან თუნდაც დასაქმების ადგილას. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა მუდმივად იზრდება და მისი მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლები

საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს - კოლეჯებს, უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, დაწესებულება ვალდებულია, გაიაროს ავტორიზაცია, რაც ხარისხის უზრუნველყოფის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს. ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 6 წლით.

გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში, 3 წლის ვადით, აქვთ არასაგანმანათლებლო იურიდიულ პირებს: კერძო კომპანიებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვ. აღნიშნულ პროგრამებს, საკვალიფიკაციო პროგრამებისგან განსხვავებით, ახასიათებს მეტი მოქნილობა, ნაკლები ხანგრძლივობა, ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც კონკრეტული დამსაქმებლისათვის არის საჭირო. ამასთან, პრიორიტეტულ სექტორებში მსმენელთა სწავლების ხარჯების დასაფინანსებლად, სურვილის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია სახელმწიფო დაფინანსებაც. სწორედ აღნიშნული მექანიზმი, წარმოადგენს დამსაქმებლისთვის საჯარო-კერძო პარტნიორობის ერთ-ერთ მიმზიდველ ფორმას, რითიც /ბიზნესი ერთვება სასურველი კადრების მომზადების პროცესში.

პროფესიული პროგრამები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული და ძირითადად, პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია, დასაქმდეს ან/და სწავლა განაგრძოს განათლების შემდგომ საფეხურზე. პროგრამების ხანგრძლივობა განსხვავებულია - ერთი წლიდან სამ წლამდე. გარდა ტრადიციული ფორმისა, მისი განხორციელება შესაძლებელია რეალურ ან იმიტირებულ სამუშაო გარემოში - საწარმოში/ორგანიზაციაში, სადაც უზრუნველყოფილია უნარების პრაქტიკული განვითარება. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი, საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან ერთად, ინაწილებს გარკვეულ პასუხისმგებლობებს და მონაწილეობს სტუდენტთა შერჩევის, სწავლების ხარისხისა და შეფასების კომპონენტებში. სტუდენტი სწავლის პარალელურად, დასაქმებულია ორგანიზაციაში და ცალკეულ შემთხვევებში იღებს ანაზღაურებასაც, სტიპენდიის სახით.

დაფინანსება

საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. კერძო დაწესებულებებში კი არსებობს როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ისე თვითდაფინანსებული პროგრამებიც. სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსების მიღება, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, თავშესაფრის მაძიებელს, ლტოლვილს, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე/დამატებითი დაცვის მქონე პირს, ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიულ სტუდენტს, რომელმაც გაიარა შერჩევის პროცედურები. კერძო დაწესებულებებში სტუდენტთა ვაუჩერული დაფინანსების გაცემა შესაძლებელია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგების შესაბამისად.

პროფესიული პროგრამის შემადგენელი მოდულების მაქსიმალური ღირებულება დგინდება საქართველოს მთავრობის N244 დადგენილების საფუძველზე.

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების მსმენელთა სწავლის დაფინანსებას, მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს შესაბამის წელს დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. როგორც წესი ეს მოთხოვნები უკავშირდება წინარე განათლების არსებობას, თუმცა კონკრეტული პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით შეიძლება დაწესდეს სხვა მოთხოვნებიც.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ძირითადად ხორციელდება ორი გზით:

  • პროფესიული ტესტირება

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული კონკურსი/შერჩევა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურების გასავლელად აუცილებელია მსურველმა/განმცხადებელმა გაიაროს რეგისტრაცია შესაბამის ვებგვერდზე www.vet.ge. რეგისტრაციის გავლა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, მსურველს შეუძლია ონლაინ, დამოუკიდებლად ან სასწავლებელში ვიზიტისას, ადმინისტრაციის დახმარებით.

საქართველოში სახელმწიფო ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების (სსსმ) აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში და მათ სოციალიზაციას. ამ მიზნით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობაში სსსმ პირებისთვის გათვალისწინებულია მისაღები ადგილების განსაზღვრული რაოდენობა და მათთვის მოქმედებს ჩარიცხვის ალტერნატიული მიდგომა, რაც გულისხმობს პროფესიის მოსინჯვას.