Higher Education system of Georgia

უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში  

საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა სამსაფეხურიანია და ხორციელდება უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანმანათლებლო პროგრამების შედგენის და განხორციელების დროს იყენებენ კრედიტების ტრანსფერისა და დავროვების ევროპული სისტების ECTS სახელმძღვანელოს. 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 2025 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა განისაზღვრებოდა არანაკლებ 240 ECTS კრედიტით.

ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობა გამონაკლისის სახით უშვებდა 180 ECTS კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას.

კერძოდ:

„სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრულ ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები შესაძლოა განხორციელებულიყო არანაკლებ 180 ECTS  კრედიტის მოცულობით;

სხვა სწავლის სფეროებში 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების განხორციელება დასაშვები იყო მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში.

2025 წლის 16 დეკემბრის შემდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიცვალა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობის რეგულირების მოდელი.

მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 180 და არაუმეტეს 200 ECTS კრედიტით, ხოლო რიგ შემთხვევებში შესაძლებელია პროგრამა მოიცავდეს არანაკლებ 240 ECTS კრედიტს.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის N20/ნ ბრძანებით, 240-კრედიტიანი პროგრამების განხორციელება დასაშვებია:

  • რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის (გარდა სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა);

  • საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებისთვის;

  • საერთაშორისო ერთობლივი პროგრამებისთვის; 

  • საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით წარდგენილი პროგრამებისთვის;

  • ამავე ბრძანებით განსაზღვრულ გამონაკლის  სწავლის სფეროებში.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულს ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს.

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ფარგლებში ხორციელდება მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. კურსდამთავრებულზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც პირს ანიჭებს მასწავლებლობის უფლებას ზოგადსაგანმანათელბლო დაწესებულებაში. არსებული პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებლად ან ინტეგრირებული იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში.

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. კურსდამთავრებულზე გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც პირს ანიჭებს სპეციალური მასწავლებლის უფლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების აღწერა მოცემულია შესაბამის დარგობრივ მახასიათებელში, რომელსაც შეიმუშავებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 2025 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა განისაზღვრებოდა არანაკლებ 120 ECTS კრედიტით. გამონაკლისის სახით, საქართველოს კანონმდებლობა ასევე უშვებდა არანაკლებ 60 ECTS კრედიტიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას მხოლოდ ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროში, მათ შორის აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების (EMBA) პროგრამებისთვის, რომელიც ორიენტირებული იყო პროფესიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სპეციალიზებული კომპეტენციების განვითარებაზე და არ იძლეოდა დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლებას.

2025 წლის 16 დეკემბრის შემდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიცვალა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობის რეგულირების მოდელი. მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება მოიცავდეს:

  • არანაკლებ 120 ECTS კრედიტს, რომლის ფარგლებში კვალიფიკაცია ენიჭება მხოლოდ პროგრამის სრული მოცულობის (120 ECTS კრედიტის) წარმატებით დასრულების შემდეგ

  • არანაკლებ 60 ECTS კრედიტს, ან

  • არანაკლებ 120 ECTS კრედიტს, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის N20/ნ ბრძანებით, 120-კრედიტიანი პროგრამების განხორციელება დასაშვებია:

  • რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის (გარდა სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა);

  • საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებისთვის;

  • საერთაშორისო ერთობლივი პროგრამებისთვის; 

  • საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით წარდგენილი პროგრამებისთვის;

  • ამავე ბრძანებით განსაზღვრულ გამონაკლის  სწავლის სფეროებში.

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულს ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 

გარდა ამისა, სისტემაში არსებობს ერთსაფეხურიანი და ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები (მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო), რომლებიც აერთიანებენ საბაკალავრო-სამაგისტრო დონეებს და თავისი სწავლის შედეგით შეესაბამებიან სამაგისტრო დონეს. ინტეგრირებული პროგრამებზე დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

  • მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი პროგრამის მოცულობაა 360-ECTS კრედიტი.

  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი. პროგრამის მოცულობაა არანაკლებ 300 ECTS კრედიტი.

  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ვეტერინარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი პროგრამის მოცულობაა 300 ECTS კრედიტი.

  • ამასთანავე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა შეადგენს 300 ECTS კრედიტს და იგი სრულდება განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით.

 

გასათვალისწინებელია, რომ 2025 წლის 16 დეკემბრის შემდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები გადავიდა მილევად რეჟიმში. მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე ახალი სტუდენტების მიღება აღარ ხორციელდება, თუმცა პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს უფლება აქვთ სწავლება დაასრულონ 2030–2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ვეტერინარიის ბაკალავრის ხარისხი. კურსდამთავრებულზე გაიცემა ვეტერინარის მომზადების სერტიფიკატი ვეტერინარის სერთიფიკატის მფლობელს შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე). 

დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მინისტრის მიერ განსაზღვრული არანაკლებ 120-კრედიტიანი (ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტის მოცულობაა არაუმეტეს 60 ECTS კრედიტი. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი. კურსდამთავრებულზე გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

საქართველოს ეროვნული უმცირესობისათვის, ეროვნულ დონეზე სახელმწიფო ენაში შესაბამისი ცოდნისა და უნარების დაუფლებისთვის კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს პირველი დონიდან მე-4 დონის ჩათვლით ხორციელდება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს 1 წლის განმავლობაში და მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების სერტიფიკატი/სახელმწიფო ენაში მომზადების სერტიფიკატი.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ასევე შესაძლებელია შეთავაზებულ იქნას უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, ბაკალავრიატის, ერთსაფეხურიან, ან ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთათვის, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენას, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის საფეხურზე, ან ერთსაფეხურიან და ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია. მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს მისი დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. 

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები 

საქართველოში მოქმედებს ორი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: 

ა) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის - საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; 

ბ) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამას, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.

ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციას ახორციელებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. 

 

მიღება

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდა. მიღების დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. 

2025 წლის 16 დეკემბრის შემდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობით, ისე არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს, ან არანაკლებ 120 ECTS კრედიტის მოცულობის ერთიანი სამაგისტრო პროგრამის სახით. ამასთან, 120-კრედიტიანი პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტიან მეორე ნაწილზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ამავე პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილის წარმატებით დასრულება.

დოქტორანტურაში მიღების წინაპირობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. 

უმაღლესი განათლების საფეხურებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ირიცხებიან ზემოაღნიშნული წესებისგან განსხვავებული პირობებით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით). 

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე.