Successful Examples

ევროპული გამოცდილება

წარმატების ისტორია: სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ - სარქის პეტროსიანი

სარქის პეტროსიანი სსიპ კოლეჯის „ოპიზარი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - „თმის მომსახურება“ -  კურსდამთავრებულია. მიუხედავად იმისა, რომ მას სწავლის დაწყებამდე უკვე ჰქონდა პრაქტიკული გამოცდილება თმის მომსახურების სფეროში, კოლეჯში მიღებულმა თეორიულმა და პრაქტიკულმა ცოდნამ მნიშვნელოვნად გააღრმავა მისი პროფესიული უნარები.

სწავლის დასრულების შემდეგ, სარქის პეტროსიანმა დაიწყო საკუთარი საქმიანობა - გახსნა საკუთარი სილამაზის სალონი „ველა“, სადაც, ასევე, დაასაქმა კოლეჯის „ოპიზარი“ წარმატებული კურსდამთავრებულები. როგორც თავად აღნიშნავს, მისი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი მომსახურება და კლიენტების კმაყოფილება.

2024 წლიდან სარქის პეტროსიანი თავად გახდა კოლეჯის „ოპიზარი“ პროფესიული განათლების მასწავლებელი და ასწავლის მოდულს „მამაკაცის თმის შეჭრა“. მისი თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის იმ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიულ საქმიანობაში დააგროვა. აღსანიშნავია, რომ იგი დღესაც სთავაზობს წარმატებულ კურსდამთავრებულებს დასაქმებას და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

სარქის პეტროსიანის პროფესიული გზა ნათლად წარმოაჩენს პროფესიული განათლების მნიშვნელობას თვითდასაქმების, კარიერული ზრდისა და შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის პროცესში.

წარმატების ისტორია: ა(ა)იპ კოლეჯი „განთიადი“ - იზა ოქროპირიძე

იზა ოქროპირიძე, 35 წლის ქალი, რომელმაც განათლების ძალა გამოიყენა არა მხოლოდ საკუთარი თავის გასაძლიერებლად, არამედ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა საზოგადოებაში. იზას მოტივაცია და მონდომება გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სწავლასა და სოციალურ მეწარმეობას შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.

იზამ წარმატებით დაამთავრა ა(ა)იპ კოლეჯის „განთიადი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -„სამკერვალო წარმოება“. ამ პროგრამამ მას შესძინა მყარი პროფესიული უნარები, რაც მისი მომავალი საქმიანობის საფუძველი გახდა.

კოლეჯში სწავლის პერიოდში მან დამატებით გაიარა სოციალური საწარმოს 60-საათიანი ტრენინგი. ტრენინგის შედეგად იზამ დახვეწა იდეა და შეიმუშავა ბიზნეს გეგმა, რომელსაც სოციალური კომპონენტი ექნებოდა.

წარმატებით გავლილი ტრენინგისა და დახვეწილი კონცეფციის წყალობით, იზამ მოიპოვა 3000 ევროიანი დაფინანსება თავისი პროექტისთვის და გახსნა სოციალური საწარმო - ,,ატელიე მეა“.

იზას სოციალური საწარმო პირდაპირ ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, ქალები იღებენ სტაბილურ შემოსავალს და ხდებიან ფინანსურად დამოუკიდებლები, ხოლო პროფესიული უნარების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილება ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.

იზა ოქროპირიძის ისტორია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სტუდენტური წარმატება გადაიზარდოს მნიშვნელოვან სოციალურ ინიციატივაში. კოლეჯის კურსისა და სოციალური ტრენინგის შერწყმამ მას მისცა ცოდნა, დაფინანსება და, რაც მთავარია, შესაძლებლობა, რომ საკუთარი წარმატება გაეზიარებინა და სხვებისთვის შეექმნა უკეთესი მომავალი. იზა ნამდვილად არის წარმატებული სტუდენტისა და სოციალური ლიდერის საუკეთესო მაგალითი.

წარმატების ისტორია: ა(ა)იპ კოლეჯი „განთიადი“ - მარიამ წკრიალაშვილი

მარიამ წკრიალაშვილი, 31 წლის მეწარმე ქალბატონი, რომელმაც მიღებული პროფესიული განათლების საფუძველზე შექმნა წარმატებული სოციალური საწარმო. მარიამის ისტორია ცხადყოფს, როგორ შეიძლება პროფესიული ცოდნის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მეწარმეობის გაერთიანებით შექმნა უნიკალური ბიზნეს მოდელი.

მარიამმა დაამთავრა ა(ა)იპ კოლეჯის „განთიადი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - „სამკერვალო წარმოება“. მან შეიძინა პროფესიული განათლება და პრაქტიკული უნარები, რაც საფუძვლად დაედო მის სამომავლო საქმიანობას.

კოლეჯში სწავლის პერიოდში მარიამმა გაიარა სოციალური საწარმოს 60-საათიანი ტრენინგი. ტრენინგმა ასწავლა, თუ როგორ გადაექცია პროფესია ბიზნესად. წარმატებული ტრენინგის და დამაჯერებელი ბიზნეს გეგმის შედეგად, მარიამმა მოიპოვა 3000 ევროიანი დაფინანსება თავისი სოციალური პროექტის დასაწყებად. მოპოვებული რესურსებით მარიამმა დააარსა სოციალური საწარმო „ემ ჯი ატელიე“.

„ემ ჯი ატელიე“ ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის ტექსტილისა და დეკორატიული ნივთების წარმოებაზე. საწარმოს ძირითადი პროდუქცია მოიცავს ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ორიგინალურ დეკორატიული ნივთებს.

წარმატების ისტორია: ა(ა)იპ კოლეჯი „განთიადი“ - თორნიკე ბიბილაშვილი

თორნიკე ბიბილაშვილი პროფესიული კოლეჯის „განთიადი“ წარმატებული კურსდამთავრებულია. მან დაასრულა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ელექტროობა“, რაც მისი ბავშვობის ინტერესის გაგრძელება და რეალიზაცია გახდა.

როგორც თავად აღნიშნავს, ელექტროობისადმი ინტერესი მას ბავშვობიდან ჰქონდა. ყოველთვის აინტერესებდა ეს საქმიანობა და თანმდევი პროცესები. სკოლაში სწავლის პერიოდში კოლეჯის წარმომადგენლებმა გააცნეს მოსწავლეებს, მათ შორის იყო რა თქმა უნდა თორნიკე ბიბილაშვილიც, სხვადასხვა პროფესიული პროგრამები. წარმოდგენილ პროფესიებს შორის განსაკუთრებული ყურადღება თორნიკემ ზუსტად ელექტროობაზე შეაჩერა, რომლის შესწავლაც დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით დაიწყო. სწორედ ასე გახდა თორნიკე ბიბილაშვილი კოლეჯის „განთიადი“ სტუდენტი.

სწავლის პერიოდში თორნიკე გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და აქტიურობით. მისი მონდომება და პასუხისმგებლობა დაფასდა, რის შედეგადაც კომპანიამ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მას სტიპენდია დაუნიშნა. თორნიკე განსაკუთრებულ მადლობას უხდის კომპანიას მოტივაციის გაზრდისა და იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც კომპანიამ და კოლეჯმა ერთობლივად მისცეს.

პროფესიული პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, თორნიკე ბიბილაშვილი დასაქმდა კომპანიაში „ენერგო-პრო ჯორჯია“ და დღეს თავისი სოფლის - პატარა გარეჯვრის - ტექნიკოს-ელექტრიკოსად მუშაობს. მისი ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიული განათლების მეშვეობით ახალგაზრდამ სწრაფად და წარმატებით დაიმკვიდროს ადგილი შრომის ბაზარზე.

წარმატების ისტორია: ა(ა)იპ კოლეჯი „განთიადი“ - ხატია ბეკოშვილი

2023 წელს ხატია ბეკოშვილმა პროფესიულ კოლეჯს „განთიადი“ მიმართა. მისი მთავარი მიზანი იყო აგრარული მიმართულებით როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღება და საკუთარი პროფესიული უნარების განვითარება.

ხატიამ  პროფორიენტაციისა და  კარიერის მართვის მენეჯერთან  მიღებული კონსულტაციის შედეგად  მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება სწავლის შესახებ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - „მეხილეობა“. კარიერული კონსულტირების პროცესმა მას საშუალება მისცა უკეთ გაეცნობიერებინა საკუთარი ძლიერი მხარეები, შესაძლებლობები, გაეთვალისწინებინა წინარე ცოდნა და გამოცდილება, ასევე, გაეანალიზებინა შრომის ბაზრის მოთხოვნები და დასაქმების რეალური პერსპექტივები.

პროგრამაზე სწავლის პერიოდში ხატია აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ პროექტებში. მისი მონდომება და მაღალი პასუხისმგებლობა დაფასდა, რის შედეგადაც იგი გახდა აგრო-სტიპენდიანტი. პროფესიული კოლეჯის შუამდგომლობით, ხატიამ გაიარა არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო კურსი და პრაქტიკული ტრენინგი საერთაშორისო ექსპერტებთან, რამაც მნიშვნელოვნად გააღრმავა მისი პროფესიული ცოდნა.

დღეს ხატია ბეკოშვილი წარმატებით არის დასაქმებული აგრონომის ასისტენტისა და თარჯიმნის პოზიციაზე რამდენიმე წამყვან აგრო-კომპანიაში, როგორიცაა - „ჩირინა“, „ჩერი“, „აგრობეტსი“, „მაკი“, „კადელ ბიზნესი“, „საჩინო“, „პომი“.

ხატიას პროფესიული გზა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული პროფესია, ხარისხიანი პროფესიული განათლება და აქტიური ჩართულობა პრაქტიკულ საქმიანობაში. დღეს ის რეალიზებული, დასაქმებული ახალგაზრდაა, რომელსაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით აგრო-სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს.

წარმატების ისტორია: სსიპ კასპის კოლეჯი - ილია წიკლაური

ილია წიკლაური სსიპ კაპის კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სამკერვალო წარმოება“ - კურსდამთავრებულია. მან კოლეჯის სწავლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა შეექმნა  Zero-Waste ტიპის ტანისამოსი და გაეტანა საზღვრებს გარეთ. თავისი შექმნილი ტანსაცმელი, რომელიც ძირითადად მორჩენილი ნაჭრებისგანაა შეკერილი, იყიდება ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა Etsy და Grailed. ამ ეტაპზე ილია მუშაობს ონლაინ კურსების შექმნაზე, სადაც მსურველებს შეეძლებათ შეიძინონ შესაბამისი თარგები და უფასო ვიდეოების დახმარებით, შეკერონ სასურველი სამოსი.

წარმატების ისტორია: სსიპ კასპის კოლეჯი - თეონა ქარქუსაშვილი

თეონა ქარქუსაშვილი სსიპ კაპის კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სამკერვალო წარმოება“ - კურსდამთავრებულია. კოლეჯში სწავლის გადაწყვეტილება ბავშვობიდან ამ პროფესიის სიყვარულმა მიაღებინა, ეს უკანასკნელი კი გახდა მიზეზი, რომ დიასახლისობიდან - საკუთარი ატელიეს შექმნამდე უმოკლესი გზა გაევლო. დღეს თეონა არაერთ პროექტში იღებს მონაწილეობას, მუშაობს როგორც უშუალოდ ტანსაცმლის მოდელირებაზე/ გადაკეთებაზე, ასევე ქმნის სადღესასწაულო ტანისამოსსაც. ამჟამად მუშაობს ქორეოგრაფიული ანსამბლის ფორმების  შეკერვაზე და სამომავლოდ ფიქრობს ეროვნული სამოსის შექმნის მიმართულებით განვითარებას. გარდა ამისა, თავად ასწავლის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - „მოდის ტექნოლოგია და დიზაინი“.

წარმატების ისტორია: სსიპ კასპის კოლეჯი - მარიამ გოგლიძე

მარიამ გოგლიძე სსიპ კაპის კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სამკერვალო წარმოება“ - კურსდამთავრებულია. მარიამმა კოლეჯში სწავლის გადაწყვეტილება საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით მიიღო. მისი ისტორია დაიწყო საპატარძლო და სადღესასწაულო კაბების პატარა მაღაზიიდან. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ექირავათ სადღესასწაულო კაბები, მაგრამ ნელ-ნელა აღნიშნული მაღაზიის მომხმარებლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა, კონკრეტული მოდელების შეკერვის, რამაც მარიამს გადააწყვეტინა პროფესიული უნარების გაუმჯობესება და კასპის კოლეჯში სწავლა. შედეგად მარიამმა შექმნა საკუთარი ატელიე და მოსახლეობისთვის თავად კერავს საქორწილო თუ სადღესასწაულო კაბებს.