Municipal Youth Policy
1. ,,ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი’’
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ თემებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერებას, სამოქალაქო ჩართულობის ზრდასა და ახალგაზრდული პროგრამებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან შერჩეულმა 52-მა ახალგაზრდა დელეგატმა (16-29 წლის) უკვე გაიარა სპეციალური გადამზადების კურსი და საკუთარ თემებში აქტიურად უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას, ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირებას, საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებასა და ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურებას. პროექტი ხელს უწყობს შესაძლებლობებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და ქმნის ეფექტიან საკომუნიკაციო ხიდს ახალგაზრდებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის.
2. ,,სასწავლო აკადემია’’
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შერჩეული წარმომადგენლები მონაწილეობენ სასწავლო აკადემიაში, რომელიც მოიცავს მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და ცოდნის შეფასებას. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვას, მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას. პროგრამის დასკვნით ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე სამი მონაწილე საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მიიღებს მონაწილეობას, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ახალგაზრდული პოლიტიკისა და საქმიანობის წარმატებულ პრაქტიკებს და მიღებული გამოცდილება საკუთარ მუნიციპალიტეტებში გამოიყენონ.
3. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები
პროექტის მიზანია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერება, მათი მუშაობის სტანდარტების განვითარება და მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობისთვის მდგრადი პლატფორმის შექმნა. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს დაფუძნების სახელმძღვანელოს შემუშავებას, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმის ორგანიზებასა და მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. ფორუმის ფარგლებში გამოვლინდება „წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“, რომლის წევრებისთვისაც დაგეგმილია საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტი საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივ დონეზე წარმატებული პრაქტიკის დანერგვის ხელშესაწყობად.