ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს. ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელი მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს. პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

 „მოგეხსენაბთ მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. პირველივე დღეებიდან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან და მათი მისიის წარმომადგენლებთან. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რაც განათლების სისტემაში 90 მილიონი ევროს ინვესტირებას გულისხმობს. კონკრეტულად კი ძირითადი რესურსი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში, სკოლების რეაბილიტაციაში. მოგეხსენაბთ, რომ დღეს სკოლები საჭიროებენ განახლებასა და ინსფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას. გარდა ამისა, ეს რესურსი ასევე მოხმარდება განათლების სფეროს სხვა მიმართულებებსაც, მათ შორის უმაღლეს და სკოლამდელ განათლებას. მიმდინარე კვირა ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იცით, რომ 4 დღის წინ ხელი ასევე მოვაწერეთ გერმანულ მხარესთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში 22 მილიონი დაიხარჯება. ეს ყოელივე კი ნიშნავს იმას, რომ განათლების კომპლექსურ რეფორმას მხარს უჭერენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. რეფორმის ყოველი მომდევნო ნაბიჯი სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება.“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს:

  • სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება;
  • სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვან სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას  21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის.

„საქართველო აგრძელებს ინვესტირებას თავის მოქალაქეებში. აღნიშნული პროექტის მიზანი ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების მოსაზიდად და კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში ინოვაციებისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად საქართველოს მხარდაჭერაა. მტკიცე საფუძვლის მომზადების გზით და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებით პროექტი გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად,“  - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილება პედაგოგიკასა და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა  და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას.  განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე