ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნინო მჟავანაძე უფროსი სპეციალური მასწავლებელი

ნინო მჟავანაძე ნეიროგანვითარების ცენტრში სტაჟირების პერიოდში აქტიურად მუშაობდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ინკლუზიური განათლება უპირველესად განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების მიმღებლობას ნიშნავს, რაც შემდგომ არა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.

საქმიანობამ ისე დააინტერესა, რომ გადაწყვიტა, შესაბამისი  ცოდნა მიეღო და სპეციალური მასწავლებელი გამხდარიყო.

,,ამ მიმართულებით პროფესიული ცოდნის მისაღებად აქტიურად დავიწყე ინფორმაციის მოძიება და ასე აღმოვაჩინე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სწავლების ეფექტური სტრატეგიების გაცნობისა და სპეციალური და ინკლუზიური განათლების პრაქტიკის კვლევის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მომცა" - აცხადებს ნინო მჟავანაძე.

ფიქრობს, რომ საჯარო სკოლაში მაქსიმალური მზაობაა იმისთვის, რომ ყოველდღიურად განვითარდეს ინკლუზიური განათლება. ნინო ცდილობს, ღირსეულად გაუმკლავდეს ყოველდღიურ გამოწვევებს და კომპლექსური მუშაობით შექმნას რაც შეიძლება ჯანსაღი გარემო.

,,მოხარული ვარ, რომ პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვამ  სხვა მასწავლებლების მსგავსად სპეციალურ მასწავლებლებსაც მოგვცა პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სასწავლო პროგრამის უკეთ ათვისებაში, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და გაძლიერებაში, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სასწავლო პროცესში ინტეგრირებაში," - აცხადებს პედაგოგი.

სხვა კოლეგების მსგავსად ონლაინ სწავლების დროს დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით გამოწვევები დაძლიეს.

,,ონლაინ სწავლებისას მთელი საგანმანათლებლო სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.  სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლეებთან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობა, ისევე როგორც პირისპირ სწავლებისას, რათა ზუსტად განისაზღვროს მოსწავლის საჭიროებები.  სწავლების მონიტორინგის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მშობლები, ისინი თავისთავად გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილენი, მშობლის ფაქტორმა კი დისტანციური სწავლებისას პოზიტიური გარემოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რაც ონლაინ სწავლების ყველაზე დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს," - აცხადებს სპეციალური მასწავლებელი.

ნინო მჟავანაძე კოლეგა სპეციალურ მასწავლებლებს  ურჩევს, რომ  ყოველთვის იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე, რათა სწორად შეძლონ სწავლების შესაბამისი სტრატეგიების განსაზღვრა და განხორციელება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად.

,,ჩვენი მიზანი თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაა, სადაც ყველა მოსწავლეს შეეძლება განათლების მიღება თავიანთი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ მთავარი სურვილი და მოტივაციაა, გააზრება იმისა, თუ რა მიზანს ვემსახურებით, რა მისია გვაკისრია. შესაბამისი პროფესიული განათლების პირობებში კი, ვფიქრობ, რომ სადაც არსებობს ამის სურვილი და მცდელობა, იქ უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობებიც, რათა გავაძლიეროთ მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაცია.  ყველა სპეციალურ პედაგოგს ვუსურვებ ამ სურვილისა და შესაძლებლობების, ასევე რეალისტური და ადეკვატური მოლოდინების ქონას, რაც უმნიშვნელოვანესია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის აკადემიური მიღწევებისთვის," - აცხადებს ნინო მჟავანაძე.   

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე