ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

საქართველოში „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ განხორციელება დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ნოდარ პაპუკაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

 სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში, ალან პერსელი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-დან, ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული უმაღლესი განათლების ექსპერტები, რექტორები პროგრამის მონაწილე საჯარო და კერძო უნივერსიტეტებიდან, პროგრამის ალუმნები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა (UCBP)“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს მიერ დაფინანსებული ინიციატივაა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით.

პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად:

• საჭიროებების შეფასება და ვორქშოპი „აშშ-საქართველოს შორის კვლევითი კოლაბორაცია“ – ამერიკული საბჭოები და NCURA განახორციელებენ პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევის ადმინისტრატორების და განვითარების ოფისების საჭიროების შეფასებას, შეისწავლიან ძირითად გამოწვევებს სამუშაოს მეტად ეფექტიანად შესრულებისთვის. ვორქშოპის ფარგლებში ჩატარდება პროფესიული განვითარების ტრენინგები საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის და ცოდნის გადაცემის წახალისების მიზნით.

• ვებინარების სერია პროგრამის მონაწილეებისათვის – აშშ-ის ექსპერტების მონაწილეობით პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ვებინარები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

• სასწავლო ვიზიტი აშშ-ში – სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 10 კვლევის ადმინისტრატორი/განვითარების ოფისის ან კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენელი ორი კვირის განმავლობაში გაიცნობს 12 ამერიკული უნივერსიტეტის/საგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის მენეჯმენტის, ფონდების მოძიებისა და საერთაშორისო კოლაბორაციის საუკეთესო პრაქტიკას. ეს ხელს შეუწყობს მონაწილეების შესაძლებლობების განვითარებას კვლევის ადმინისტრირებასა და ინოვაციების მართვის კუთხით.

• ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი – პროგრამის ქართველ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საპროექტო განაცხადი ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტის განსახორციელებლად. ვიზიტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი იმუშავებს მასპინძელ უნივერსიტეტთან კვლევის ადმინისტრირების, კვლევითი საქმიანობის განვითარების, ფონდების მოძიების ან/და კურსდამთავრებულთა ჩართულობის წახალისების მიმართულებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე