ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

კომისიას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს.

როგორც გივი მიქანაძემ საუბრისას აღნიშნა, კომისია აქტიურად იმუშავებს, რათა ღირსეულად აღინიშნოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილე.

„ჩვენი მიზანია, დავაფასოთ ის უმნიშვნელოვანესი საქმიანობა, რომელსაც 85 წლის განმავლობაში მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ეწეოდა. ვფიქრობთ, რომ ეს ეროვნულ დონეზე აღნიშვნას იმსახურებს. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, შეიქმნა შესაბამისი კომისია – ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, დავგეგმოთ თანმიმდევრული ნაბიჯები და შესაბამისი აქტივობები, რაც უზრუნველყოფს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საიუბილეო თარიღის სათანადო აღნიშვნას.

ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომელიც როგორც თბილისში, ისე რეგიონებში გაიმართება, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მეცნიერების უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.

შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • მეცნიერების ისტორიული როლის წარმოჩენა;
  • გამორჩეული მეცნიერების წარდგენა და დაფასება;
  • ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ზრდა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერება.

ამასთან, დაიგეგმა კომისიის საქმიანობის მომდევნო ეტაპები. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ დეტალურ სამოქმედო გეგმას 1 თვის განმავლობაში შეიმუშავებენ, რაც გულისხმობს კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებას და მის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის განსაზღვრას შესაბამის ვადებში.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თანათავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საპატრიარქოს, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე