ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე: „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. 

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის.

მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ  პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სასკოლო ასაკთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. მისი თქმით, არაერთი დისკუსიის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მშობელთა პოზიცია და მათი საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ, იმას, რომ რეფორმის ფარგლებში  ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას.

ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით – სხვადასხვა რეგიონში შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ განათლების ხარისხის ზრდას და პროცესები მაქსიმალურად იყოს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული პოზიციების მოსმენა, მათ შორის, კრიტიკულისაც, თუ ის არგუმენტებით გამყარებული და დასაბუთებულია.

ჩვენ რეფორმის უმთავრეს მიზნად დავსახეთ სკოლებში მოსწავლეზე და მის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესაბამისად, კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული და ეფუძნებოდეს პროფესიულ ანალიზს,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე