ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების პირველ ნაკადს მასპინძლობს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ბანაკის 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეები არიან.

მინისტრმა, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით, განსახორციელებელ პროექტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და სტუდენტთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა. 

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ახალგაზრდული ბანაკების გაფართოებაზე.

“საბანაკე სივრცეების განვითარება არის ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შაორის ბანაკის განახლებაზე და შემდეგ წელს სტუდენტებს რაჭაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, ვუმასპინძლებთ. ასევე უტარდება რეაბილიტაცია ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. 

პარალელურად, ჩვენ ვნახულობთ სივრცეებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ახალგაზრდული ბანაკების პროექტი. ამ კუთხით გვაქვს მასშტაბური გეგმები და ვფიქრობთ, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ხუთი ახალგაზრდული ბანაკი გვექნება სხვადასხვა რეგიონში,”, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა.

მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, 19 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 11 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათ შორის 720 სკოლის მოსწავლე და 1 920 სტუდენტი იქნება.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.

საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.

წელს განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.

სტუდენტების მიღებამდე ანაკლიის ბანაკის ბაზაზე ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 140 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შერჩეული ლიდერები საზაფხულო ბანაკებში საქმდებიან. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერია დასაქმებული.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე