ბაია კვიციანი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბანკის მიერ მომზადებული ახალი პროექტის – „დასაქმების უნარებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო განათლების სექტორის განვითარების პრიორიტეტებს, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, განათლებისა და შრომის ბაზრის კავშირების გაძლიერებას და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს სკოლებში პროფესიული პროგრამების განვითარების, დამსაქმებლების ჩართულობის გაზრდის, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის გადასვლის შესაძლებლობების გაუმჯობესების საკითხები.
აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებას, განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის კავშირის გაძლიერებას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების გაფართოებას.
პროგრამის დამტკიცება 2028 წლისთვის იგეგმება და მისი სავარაუდო ბიუჯეტი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


