საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, აკადემიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მეცნიერებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ. მეცნიერებს პატრიარქის მისალოცი გზავნილი გააცნო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
საიუბილეო სხდომაზე, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ისა ჰაბიბეილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აკადემიის 85 წლის იუბილე ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიებით აღინიშნა.
ქვეყნის სხვადასხვა სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა კონფერენციები, სიმპოზიუმები და შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ გაანალიზეს ქართველი მეცნიერების მიერ განვლილი გზა და დასახეს სამომავლო პერსპექტივები.
29 ოქტომბერს ისტორიული თარიღის აღნიშვნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდება.


