ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის – „Going Global 2026“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
მინისტრის მოადგილე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს უმაღლესი განათლების საკითხებში სერ სტივ სმიტსა და ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონის დირექტორს ტიმ მურს შეხვდა.
სერ სტივ სმიტთან შეხვედრის მთავარ თემას საქართველოში ტრანსნაციონალური განათლების განვითარება და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების ფილიალების გახსნის შესაძლებლობები, ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებისა და ბრიტანული განათლების უმაღლესი კვალიფიკაციების აღიარების საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (QAA) მიმდინარე პარტნიორობაზე, რომლის მიზანია საქართველოში ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ჩარჩოს შემუშავება.
ტიმ მურთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ინიციატივები შეაფასეს და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.


