ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

მინისტრმა ქართული ღვინის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა. გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა ქვემო ქართლის გამორჩეულ როლს ღვინის მსოფლიო კულტურის ისტორიაში.

„ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის, ტრადიციებისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილი. 8000-წლიანი მეღვინეობის ისტორია მართლაც უნიკალური მემკვიდრეობაა, რომლის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი პასუხისმგებლობაა.

ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავების მსურველი ახალგაზრდების  რაოდენობა საქართველოში საკმაოდ მზარდია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა გავაძლიეროთ მევენახეობისა და მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამები და ისინი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ სტუდენტებისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლისთვის, კოლეჯ „მოდუსთან“ თანამშრომლობით, საგანგებოდ შემუშავდა სასწავლო კურსი მევენახეობასა და მეღვინეობაში, რომელიც მსურველებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებაზე ადგილობრივმა მეღვინეებმა საკუთარი გამოცდილება და პროდუქცია წარმოადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვემო ქართლის ღვინის რეგიონული უნიკალურობის წარმოჩენას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მწარმოებლებს ახალი ბაზრების, მომხმარებლებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიებაში დაეხმარება.

ფორუმის მიზანი იყო ქვემო ქართლის ღვინის სექტორის შესაძლებლობების წარმოჩენა, რეგიონული ღვინის იდენტობის გაძლიერება, მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის სექტორის, პროფესიული კოლეჯებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების, ადგილობრივი მწარმოებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლის ღვინის ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის პარტნიორები არიან: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ეროვნული მუზეუმი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.თამარ მახარაშვილი იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწროსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი იტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობით პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“ განხორციელდებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით განხორციელდება პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მიზანია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური წიგნიერების ამაღლება.
ყველა სიახლე