ზვიად გაბისონიამ ბერლინში ZEISS-ის ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კომპანია ZEISS-ის ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილე კომპანია ZEISS-ის უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს გაეცნო, ასევე, გამართა შეხვედრები კომპანიის ხელმძღვანელობასთან და სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
სამიტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და კომპანია ZEISS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას, საერთაშორისო პარტნიორული კავშირების გაღრმავებას და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გამოკვეთას.
ZEISS გერმანული, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ოპტიკის, ოპტოელექტრონიკისა და ზუსტი ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს.
საერთაშორისო სამიტმა სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო, სამეცნიერო, კვლევითი და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრებზე განიხილეს ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების აქტუალური საკითხები.


