ყვარელში „ილიაობა 2026“ გაიმართა

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 189 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ილიაობა 2026“ გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას „ილიაობა“ მიულოცეს და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე მისი ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
„ილია ჭავჭავაძემ უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ჩვენი სამშობლოს საზოგადოებრივი განვითარების საქმეში. მან ქართული ენის, განათლებისა და კულტურის განვითარება ეროვნული გადარჩენისა და ქვეყნის წინსვლის მთავარ საფუძვლად აქცია.
თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძემ ნათლად დაგვანახა, რომ სამშობლოს სამსახური დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ცოდნას, გამოცდილებას, დაუღალავ შრომას, პრინციპულობასა და, რაც მთავარია — ქვეყნის სიყვარულს, აერთიანებს.
ცოდნის გავრცელება, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ქართული ენის დაცვა და მომავალი თაობების აღზრდა ილია ჭავჭავაძის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იყო.
ილია ჭავჭავაძის იდეები არ კარგავს აქტუალობას და დღესაც მნიშვნელოვანი გზამკვლევია თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მისი დანატოვარი, ფასდაუდებელი მემკვიდრეობა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ მომავალ თაობებსაც გავუზიაროთ და ყოველდღიურ საქმიანობაში გავაგრძელოთ ამ ღირებულებების დამკვიდრება.
ილიას უკვდავი სიტყვებია — მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კი გვიანდერძა — ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ეს არის ის მარადიული ღირებულებები, რომლებზეც დგას ჩვენი ეროვნული იდენტობა, კულტურა და საზოგადოებრივი ერთიანობა,“ — განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ყვარლის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.
„ილიაობა“ ყოველწლიურად 8 ნოემბერს იმართება და მისი მიზანია ილია ჭავჭავაძის, როგორც ეროვნული გმირის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ღვაწლის წარმოჩენა, მისი ეროვნული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და ეკონომიკური საქმიანობისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი იდეების პოპულარიზაცია.


