ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია“

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებასთან სამინისტროს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული სამინისტროს ყველა ინიციატივა, განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტი ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით.

მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დისტანციური სწავლების უმნიშვნელოვანეს პროექტზე „ტელესკოლა“, რომელსაც სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, თვეზე მეტია ახორციელებს.

მიხეილ ჩხენკელი: „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროექტი „ტელესკოლა“. ეს გახლავთ მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც პირველ არხთან ერთად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი არხი – „პირველი არხი განათლება“, რომელიც, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მაუწყებლობას. მოგეხსენებათ, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია. შედეგად კი მივიღეთ უნიკალური პროექტი, რომელსაც ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში. იგი გასცდა სკოლის ფარგლებს და მას თვალს ადევნებენ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც.

მადლობა მინდა გადავუხადო პირველი არხის თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტის განხორციელებისათვის, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც. განსაკუთრებული მადლობა ვასილ მაღლაფერიძეს, არა მხოლოდ როგორც ხელმძღვანელს, არამედ როგორც „ტელესკოლის“ ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელს.“

მინისტრის განცხადებით, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება და ის შეუცვლელი საშუალებაა მოსახლეობის/მოსწავლეთა იმ ნაწილისთვის, ვისაც ინტერნეტსა და ონლაინ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება. პროექტი ნებისმიერ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნახოს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო გაკვეთილები ნებისმიერ საგანში.

საეთერო ბადე - გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. ტელე-გაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. ამასთან, გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული - ყველა ტელე-გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

პროექტს 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები დაემატა.

„ტელესკოლა“ აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას.

პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. სატელევიზიო გადაღებების პროცესს უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფი.

პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებულია საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა პლატფორმაზე – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები. პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები 1TV.GE-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდა. სამომავლოდ არხი მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მაქსიმალურად გაეზარდა დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე