ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მიმართულებით ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს.
საუბარი შეეხო ერთობლივი პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებს და შინაარსობრივი გაუმჯობესების პერსპექტივებს, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეთა მომზადების პროცესის მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული გიორგი ხუბუა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მორის შალიკაშვილი და დეკანის მოადგილე, პროფესორი პაატა ტურავა; სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი ბურდული.


