ბაია კვიციანმა უზბეკეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტის საერთაშორისო ვესტმინსტერის უნივერსიტეტს, ბრიტანეთის მენეჯმენტის უნივერსიტეტსა და ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
ვესტმინსტერისა და ბრიტანეთის მენეჯმენტის უნივერსიტეტებში ბაია კვიციანი ტრანსნაციონალური განათლების მოდელებს, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების განხორციელებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პრაქტიკას გაეცნო. უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მსგავსი მოდელების განვითარების და ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობის შესაძლებლობები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბრიტანეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (QAA) თანამშრომლობით საქართველოში ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს შექმნაზე მუშაობს. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე განიხილება საერთაშორისო პარტნიორობებისა და ერთობლივი აკადემიური პროგრამების განვითარების შესაძლებლობები.
ბაია კვიციანი ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს.
ვიზიტის მიზანი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა იყო.


