საგნობრივი გზამკვლევების პრეზენტაცია პედაგოგებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდნენ და I-VI კლასების საგნობრივი გზამკვლევები წარუდგინეს.
მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაწყებით საფეხურზე დაიწყო. ამ პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის კი პედაგოგებისთვის ხელშემწყობი მასალების შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის, მოწვეული ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მიერ შეიქმნა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევები დაწყებითი საფეხურის საგნებისთვის:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- მათემატიკა;
- ბუნებისმეტყველება;
- ჩვენი საქართველო;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- მუსიკა;
- სპორტი;
- ხუთი წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი;
- ინკლუზიური განათლება.
გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ მომზადდა მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები და საქართველოს მასშტაბით, 30 სატრენინგო ცენტრში უკვე გადამზადდნენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგები. ტრენინგების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ცენტრის მიერ სულ 5000-მდე პედაგოგი გადამზადდება.


