გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
გივი მიქანაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მასწავლებლის პროფესიისა და პედაგოგთა ღვაწლის დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,აფხაზეთი თითოეული ჩვენგანის საერთო სატკივარია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ტკივილი წარსულის ნაწილად ვაქციოთ. ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს გავუზიაროთ არა მხოლოდ ისტორია, არამედ გადავცეთ ის, რისი შენარჩუნება და დაბრუნებაც გვინდა - იმედი და რწმენა, რომ მშვიდობიან მომავალს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად შევქმნით.
აფხაზეთი არასდროს დაკარგავს თავის მნიშვნელობას ჩვენს საზოგადოებაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაღრმაოთ ადამიანური კავშირები განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
თქვენ არა მხოლოდ ცოდნას გადასცემთ მომავალ თაობას, არამედ უნერგავთ იმედს, აძლიერებთ მათ რწმენას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და განათლებით, სიყვარულითა და თავდადებით ემსახურებით მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდას. თქვენი შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია, რადგან განათლება ის ძალაა, რომელიც თაობებს აერთიანებს, მომავალს ქმნის და ჩვენს საერთო ღირებულებებს ინარჩუნებს,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და გამორჩეული მასწავლებლები დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ.
ღონისძიებაზე აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები — მათე შონია, მაკა ქათალანძე და ანგელინა გოგია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები — ლია თევზაძე, ლუარა ჩაკაბერია, ნუნუ პერტენავა, მარინე ჯოლოგუა, სვეტლანა რურუა, თამარ წერედიანი და ზოია ბოკუჩავა დაჯილდოვდნენ. ამასთანავე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მარინე ჩაკვეტაძესა და რუსუდან შონიას მადლობის სიგელები გადასცა.
წლის საუკეთესო მასწავლებლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. შერჩეული პედაგოგები სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებით, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესითა და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით გამოირჩევიან.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ბაია კვიციანი,
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.


