გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტებია 2030 წლისთვის სასწავლო შედეგების გაუმჯობესება, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების განვითარება და ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება.
ბაია კვიციანმა განათლების სისტემაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო შეფასების PISA 2025-ის შედეგებზე. მისი თქმით, საქართველომ სამივე კომპონენტში მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროგრესის თვალსაზრისით მონაწილე ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
მინისტრის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, სახელმწიფო დაფინანსების ზრდა, საბავშვო ბაღებში ინკლუზიური განათლების ახალი ეროვნული მოდელის პილოტირება და სკოლებში საჭიროებებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემის დანერგვა.
UNICEF-ის წარმომადგენელმა, იზაბელა კასტროჯოვანმა, დადებითად შეაფასა ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები და გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პირველი წლის ძირითად შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაეროს სააგენტოების (UN Women, UNFPA, UNHCR, WHO, UNOPS) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


