173-ე საჯარო სკოლას გმირის სახელი ეწოდა
თბილისის №173 საჯარო სკოლას რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ვახტანგ გზირიშვილის სახელი
მიენიჭა. დღეს, ამ ფაქტის ამსახველი მემორიალური დაფა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოს
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გახსნეს. ამავე დღეს,
№173 საჯარო სკოლაში ვახტანგ გზირიშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა, სადაც
სტუმრებმა გმირის ხსოვნის
აღსანიშნავად ხეები დარგეს.
ვახტანგ გზირიშვილი ცხინვალის რეგიონში იბრძოდა, იგი 8 აგვისტოს სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. 23 აპრილს ვახტანგს 24 წელი შეუსრულდებოდა.
173-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა, ვახტანგ გზირიშვილისა და მასთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, გაიხსენეს ვახტანგ გზირიშვილისა და მასთან ერთად მებრძოლი მეომრების ცხოვრებისა და ბრძოლის ეპიზოდები და ზოგიერთი მათგანი თეატრალიზირებულად წარმოადგინეს. ღონისძიებას ვახტანგ გზირიშვილის დედა ესწრებოდა.


