დღეს ქვემო ქართლის რეგიონის წარჩინებული მეათეკლასელები დასაჩუქრდნენ
პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 44-მა მეათეკლასელმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრა, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება. წელს უკვე მეორედ მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით საჩუქრდებიან, რომლებიც საქართველოში დამზადდა. საქართველოს მასშტაბით წელს 1022 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პროცესში დანერგვას.


