მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ფსიქოლოგიური ცენტრი გაუწევს
მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისაგან არის დაკომპლექტებული, კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას გაუწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს, კერძოდ, დაეხმარება:
- იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავებაში;
- აგრესიული ქცევის შემცირებაში;
- ემოციების რეგულაციაში;
- თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში;
- კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
- მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში;
- ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში.
ცენტრი ასევე საგანმანათლებლო საქმიანობას განახორციელებს სკოლის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან და მანდატურებთან. ფსიქოლოგიური ცენტრის მომსახურება ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიას და თემატური ტრენინგ-პროგრამების შემუშავებას და ჩატარებას.
თბილისის გარდა, ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნა ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავშიც იგეგმება, სადაც სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით მისულ მოსწავლეებს გაუწევენ დახმარებას.


