საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განათლების სისტემისთვის კონსოლიდაციის წელი იქნება. 2014 წლის გაზაფხულზე დასრულდება განათლების სისტემის ერთიანი სტრატეგია (2014-2024), ეს არის სისტემური ხედვა, რომელიც დამყარებული იქნება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და სიცოცხლის ბოლომდე განათლების უზრუნველყოფის პრინციპებზე.
თამარ სანიკიძემ სფეროების მიხედვით მიმოიხილა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
ზოგადი განათლება:
- განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა ეროვნული სასწავლო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი და შეფასება, დასრულდა შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნების წარმატებულ მოდელებთან. 2014 წელს კი, რამდენიმე მიმართულებით მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავება-განახლება;
- უახლოეს მომავალში დამტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა. ასევე დასამტკიცებლად მზად არის მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული სტანდარტი;
- დასრულდა სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა, რის შედეგადაც მოიხსნება პრობლემები წიგნისა და ფურცლის ხარისხთან, წონასთან და შრიფტთან დაკავშირებით.
- უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა სკოლის ექიმის სტანდარტი;
- მიმდინარეობს 9 ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი. 2014 წელს დაგეგმილია კიდევ 5 ახალი სკოლის მშენებლობა. აგრეთვე გეგმიურად გრძელდება სარეაბილიტაციო და გათბობის მოწყობის სამუშაოები.
- განვითარდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების განათლების სისტემაში ინკლუზიის პროგრამა და სხვ.
პროფესიული განათლება:
- შემუშავდა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები). გეგმის შესაბამისად, დაიწყება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის განხორციელება და ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა 27 მლნ ევროს მიიღებს დახმარების სახით;
- ამოქმედდა დაფინანსების ახალი მექანიზმი, რამაც შესაძლებელი გახადა მოსახლეობისთვის უფასო პროფესიული განათლების მიწოდება. წელსაც, 15 ათასამდე პროფესიული სტუდენტი სრულ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს;
- გაძლიერდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ტექნიკურ-მატერიალური ბაზა ინკლუზიური განათლების სპეციფიკის გათვალისწინებით;
- გადაიხედა და განახლდა 50 პროფესიული სტანდარტი. 2014 წლის განმავლობაში დამსაქმებლის მონაწილეობით იგეგმება კიდევ 100 სტანდარტის გადახედვა;
- ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კომპაქტის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებში 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 მლნ. დოლარი ინვესტირება განხორციელდება.
უმაღლესი განათლება და მეცნიერება:
- გრძელდება მუშაობა უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და დაფინანსების მექანიზმებზე;
- ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კომპაქტის ფარგლებში,5 წლის განმავლობაში, 30 მილიონი აშშდოლარი მოხმარდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულების განვითარებას;
- გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების პრიორიტეტული სპეციალობების მხარდაჭერა, მათ შორის აგრარული მიმართულებით;
- პრიორიტეტად გამოცხადდება სამეცნიერო კვლევისა და სწავლა-სწავლების ერთიანობის უზრუნველყოფა.
- წელს საქართველო მოხვდა იმ 20 ქვეყნის სიაში, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატები აღმოუჩენს დახმარებას მეცნიერების სფეროში (Stip);
- უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობა ქართველი მეცნიერებისთვის.
ეს არის მცირე ჩამონათვალი მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეებისა, რომელზეც მინისტრმა ვრცლად ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს თამარ სანიკიძემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.


